„როდესაც საგანმანათლებლო სივრცეში ლგბტ დღის წესრიგი აქტიურად ინერგება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას კი არა, მომავალი თაობების ღირებულებითი შეხედულებების ფორმირებასაც ეხება,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და არასრულწლოვანთა სქესის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ევროპა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, ხოლო ევროკომისარის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლების სახელით ტრადიციული ღირებულებების უარყოფა.
„ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივები არასრულწლოვანთა სქესის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და იმ ღირებულებების უარყოფას შორის, რომლებზეც ევროპული ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა? როდესაც საგანმანათლებლო სივრცეში ლგბტ დღის წესრიგი აქტიურად ინერგება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე მხოლოდ უფლებების დაცვას კი არა, მომავალი თაობების ღირებულებითი შეხედულებების ფორმირებასაც ეხება. ეს არის ულტრალიბერალიზმის ყველაზე სახიფათო მხარე, როდესაც თავისუფლების სახელით ტრადიციული ღირებულებების უარყოფა ხდება, ხოლო პოლიტიკური დღის წესრიგი საზოგადოების ბუნებრივ განვითარებაზე მაღლა დგება. საბოლოოდ, ჩნდება განცდა, რომ ამ ყველაფრის უკან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი დგას. ეს კი, ევროპული დემოკრატიისთვის სერიოზული გამოწვევაა.
რას უქადის ევროპას ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება? ჩემი პასუხი მკაფიოა: ევროკავშირის ულტრალიბერალურმა პოლიტიკამ შესაძლოა თავად შეუწყოს ხელი იმ ძალების აღზევებას, რომელთა გაჩენაც ევროპას ყველაზე ძვირად დაუჯდება. ევროკავშირის ულტრალიბერალური პოლიტიკა აიძულებს ევროპას, მეორე ჰიტლერი დაბადოს! ეს არ არის გარდაუვალი მომავლის წინასწარმეტყველება, ეს არის გაფრთხილება იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების ღირებულებითი საფუძვლების რღვევას, პოლიტიკური ელიტების სიჯიუტესა და ხალხის უკმაყოფილების უგულებელყოფას. ძალა ძალის წინააღმდეგ! ასეთია იმ საზოგადოებების შესაძლო პასუხი, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ თავს ახვევენ მიუღებელ პოლიტიკურ და ღირებულებით დღის წესრიგს. როდესაც ხელისუფლება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აღარ უსმენს, დაპირისპირება თანდათან მძაფრდება. საბოლოოდ კი, წინააღმდეგობა შეიძლება ისეთი ძალის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც არა თავისუფლებას, არამედ ახალ ავტორიტარიზმს დაამკვიდრებს.
როგორც ჩანს, ევროპელი პოლიტიკოსები საკუთარი ისტორიის გაკვეთილებს სათანადოდ ვერ იაზრებენ. ნებისმიერი ძალაუფლების წინააღმდეგ ადრე თუ გვიან საპასუხო ძალა ჩნდება. ასეთ დროს კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება ამ წინააღმდეგობის ლიდერი. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ გასული საუკუნის ევროპაში. ვნახეთ, როგორ შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილებამ, პოლიტიკურმა კრიზისმა და რადიკალურმა იდეოლოგიამ მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს. აღარ გვინდა ამ ისტორიის განმეორება! თუმცა, როგორც ჩანს, ევროპული პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება სწორედ იმ რისკებს აძლიერებს, რომელთა თავიდან აცილებაც თავად ევროპას ყველაზე მეტად უნდა სურდეს. წარმოუდგენელია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ავტორები ვერ აცნობიერებდნენ, რომ საზოგადოებაში ღირებულებითი დაპირისპირების გაღრმავებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა, მათ მიგრანტების იმედი აქვთ, რომელთა რაოდენობაც უკვე გადამწყვეტია ევროპულ არჩევნებში, მაგრამ ვერც ეს შეაჩერებს ულტრაკონსერვატორების აღზევებას, პირიქით, ისინი სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან. ევროპა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. მრავალ ქვეყანაში შობადობა მკვეთრად შემცირებულია, მოსახლეობა ბერდება, ხოლო მომავალი თაობების აღზრდის საკითხი სულ უფრო მწვავე პრობლემად იქცევა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა ღირებულებებზე იზრდება ევროპელი ბავშვი, როგორია სასკოლო პოლიტიკა და რამდენად არის დაცული ოჯახის, მშობლისა და საზოგადოების როლი ამ პროცესში. ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს უგულებელყოფს და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გაუცხოებას აძლიერებს, ევროპული იდენტობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ ღირებულებებისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც. ევროპას ჩუმი სიკვდილით კლავენ! მას ასუსტებს დემოგრაფიული კრიზისი, ღირებულებითი დაპირისპირება და პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებასა და კულტურულ საფუძვლებს უპირისპირდება. ევროპის ტრაგიკული ისტორია გაფრთხილებაა ყველასთვის. როდესაც ძალაუფლება საკუთარ საზღვრებს კარგავს, საზოგადოებას აღარ უსმენს და ღირებულებით დაპირისპირებას აღრმავებს, შედეგები შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ევროპამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ საზოგადოებრივი უკმაყოფილება და იდეოლოგიური დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცევა!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს
Facebook Comments Box












