საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და პრიორიტეტად მიიჩნევს მათი ჩართულობის გაძლიერებას ყველა საზოგადოებრივ სფეროში.
ჩვენი სტრატეგია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება, თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
ყოველწლიურად საქართველოში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით, მათ შორის ბანაკებით, ფორუმებით, ფესტივალებითა და მოხალისეობრივი ინიციატივებით.
მიმდინარე წელს უკვე დაახლოებით 100 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტმა წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.
ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.
ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება მოიცავდა პლენარულ და თემატურ სამუშაო სესიებს, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.











