“ბურღული, რძის, გაყინული ხორც პროდუქტები, ფასდაკლებები იწყება 20%-დან, და მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში” – “დეილი ჯგუფის”კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, “სასურსათო კალათაზე” საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.
მისი თქმით, ფასდაკლებები ძირითადად ბურღულეულზე, რძის პროდუქტებსა და გაყინულ ხორცპროდუქტებზე გავრცელდება, რომლებიც სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. როგორც მიხეილ ზამბახიძე აღნიშნავს, კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მსგავსი შეთავაზებების გაგრძელებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.
“ეს დამატებითი აქცია, ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს გაუწევს და კიდევ უფრო დაბალ ფასებად შეუძლიათ შეიძინონ ეს პროდუქტები ჩვენმა მომხმარებლებმა. ფასდაკლებები იწყება 20%-დან და, მაქსიმუმ, შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში. ეს პროდუქტები, ყველა ჩვენგანს კარგად ესმის, ძირითადად, მოიაზრებს ბურღულს, რძეს, გაყინულ ხორცპროდუქტებს, რომლებიც შეადგენენ პირველადი მოხმარების კალათას ჩვენი მომხმარებლისთვის და ამიტომ სოციალურ პასუხისმგებლობას ვუერთდებით და ამას გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში და მომავალში კიდევ უფრო კარგი და მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, – აცხადებს “დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი მიხეილ ზამბახიძე.
ცნობისთვის, ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. “კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.











