აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედად.
„არ მინდა, ვინმემ დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. არ მინდა, რომ სახლიდან 9 500 მილის მოშორებით ომი მოგვიწიოს. მინდა, რომ ისინი [ტაივანი] დაწყნარდნენ. მინდა, ჩინეთიც დაწყნარდეს“, — აღნიშნა მან Fox News-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ტაივანისთვის წინასწარ დამტკიცებული 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი ამ დროისთვის შეჩერებულია.
მისი თქმით, ის ჯერჯერობით აყოვნებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნულ საკითხს მოლაპარაკებებში „ძლიერ კოზირად“ მიიჩნევს.
ტრამპი ასევე დარწმუნებულია, რომ სანამ ის პრეზიდენტის პოსტზეა, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ნაბიჯებს არ გადადგამს, თუმცა დაუშვა, რომ ეს შესაძლოა მისი თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ მოხდეს.











