გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.
„დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია, არამედ ის, უპირველესად, ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება.
დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად.
წელს აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაცდელის ჟამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით განმსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არათუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო სულიერების და კულტურის საგანძურში.
დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას.
ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს მომავალ თაობას. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.











