ვაშინგტონის გუბერნატორმა ბობ ფერგიუსონმა მეორე ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა და განაცხადა, რომ კიდევ ცხრა ადამიანი, პრაქტიკულად, დაღუპულია — ხელისუფლებას მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარ აქვს. 26 მაისს, დილით, საწარმოში აფეთქდა გიგანტური რეზერვუარი, რომელშიც თითქმის 4 მილიონი ლიტრი თეთრი ტუტე (ცელულოზის წარმოებაში გამოსაყენებელი მწვავე ნივთიერება) იმყოფებოდა.
შვიდი მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პირველი იდენტიფიცირებული მსხვერპლი 52 წლის გილბერტ ბერნალი გახდა, რომელიც კატასტროფიდან მალევე გარდაიცვალა. სამძებრო სამუშაოებს ოპერატიული ჯგუფის რვა წევრი აწარმოებს, მათ დასახმარებლად კი ეროვნული გვარდიის 420-ე ქიმიური ბატალიონის ჯარისკაცებს აგზავნიან. ტუტე მდინარე კოლუმბიაში ჩაიღვარა, კაშხლიდან უკვე ამოიყვანეს ათეულობით მკვდარი კობრი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქ ლონგვიუს წყალმომარაგება.
ავარიის მიზეზებს აშშ-ის ქიმიური უსაფრთხოების საბჭო იკვლევს. Associated Press-თან (AP) ინტერვიუში ვუსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორმა სტივენ კმიოტეკმა აღნიშნა, რომ მსგავსი ცისტერნები — რომლებიც აშშ-ში მილიონობითაა — როგორც წესი, უსაფრთხოა და წელიწადში მილიონიდან მხოლოდ ერთი ფუჭდება. 10 წლის ექსპლუატაციის შემდეგ ასეთი რეზერვუარები უფრო ხშირ შემოწმებასა და სარქველების (კლაპნების) შეცვლას საჭიროებს.
სწორედ გაუმართავი სარქველების გამო კინაღამ მოხდა მსგავსი ტრაგედია კალიფორნიის ქალაქ გარდენ-გროუვის საავიაციო საწარმოში, სადაც ტოქსიკური მეთილმეტაკრილატის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და 50 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.











